August 31, 2015

ადამიანის სექსუალობა

როდესაც ბავშვი იბადება მასზე ამბობენ: "ის ბიჭია" ან "ის გოგოა". დაბადების მოწმობაში კი სქესის გრაფას ორიდან ერთი ნიშნით აღნიშნავენ: "მამრობითი" ან "მდედრობითი". შემდგომ კი არქმევენ სქესისთვის შესაფერის სახელს და პატარაობიდანვე ასწავლიან საკუთარ გენდერს: "შენ ხომ ბიჭი ხარ? ბიჭები არ ტირიან", "გოგო ხარ და თოჯინებით უნდა ითამაშო! ფეხბურთის თამაში შენი საქმე არ არის" და ა.შ.

კონცეფცია "ბიჭი VS გოგო" გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და არ არის მხოლოდ მარტივი დიქოტომია. მართალია, რომ ადამიანებს ყველაფრის მარტივი კლასიფიკაცია გვიყვარს, მაგრამ ბუნება გენდერის და სექსუალობის საკითხებს ბევრად უფრო ფართო სპექტრში ათავსებს.

ადამიანის სექსუალობა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ქცევით თავისებურებათა ერთობლიობაა, რომელიც უკავშირდება სექსუალური ლტოლვის გამოვლენასა და დაკმაყოფილებას. სექსუალობა სხვადასხვა ასპექტში გამოიხატება: ქცევაში, ფანტაზიაში, გენდერულ როლებში, დამოკიდებულებებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და ა.შ. მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, რელიგიური, კულტურული, ეთიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ფაქტორები. საბოლოო ჯამში კი ადამიანის სექსუალობა 5 კომპონენტში ერთიანდება:


1. ბიოლოგიური სქესი
2. გენდერული იდენტობა
3. სექსუალური ორიენტაცია
4. გენდერული თვითგამოხატვა
5. სექსუალური ქცევა

ეს ხუთი კომპონენტი კი თავის მხრივ სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს. ეს სქემები და ქვემოთ მოყვანილი განმარტებები კი დაგეხმარებათ მათ გაცნობიერებასა და გააზრებაში. შეგიძლიათ საკუთარი თავი ამ ხუთ შკალაზე განათავსოთ და გააცნობიეროთ თქვენი სექსუალობის სხვადასხვა ასპექტები.


1. ბიოლოგიური სქესი

სქესი ადამიანის ბიოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობაა, რომელიც განარჩევს მდედრობითი და მამრობითი სქესის ორგანიზმებს და 6 კრიტერიუმის საფუძველზე განისაზღვრება:
  1. ქრომოსომული სქესი - მამრობითი სქესის ორანიზმში XY, ხოლო მდედრობითში XX ქრომოსომებით განისაზღვრება
  2. გონადური სქესი - მამრობითი სქესის ორგანიზმში სათესლეებით, ხოლო მდედრობითში საკვერცხეებით განისაზღვრება
  3. გამეტური სქესი - მამრობითი სქესის ორგანიზმში სპერმატოზოიდებით, ხოლო მდედრობითში კვერცხუჯრედით განისაზღვრება
  4. ჰორმონალური სქესი - მამრობითი სქესის ორგანიზმში ანდროგენებით, ხოლო მდედრობითში ესტროგენებით განისაზღვრება
  5. გამრავლების შინაგანი სტრუქტურა - მამრობითი სქესის ორგანიზმში ასეთი რამ არ არსებობს, ხოლო მდედრობითში საშვილოსნოთი განისაზღვრება
  6. გარე სასქესო ორგანოები - მამრობითი სქესის ორგანიზმში პენისით, ხოლო მდედრობითში ვაგინით განისაზღვრება.

ადამიანს ამ 6 კრიტერიუმიდან თითოეული მათგანი ან ერთი ან მეორე სქესისთვის დამახასიათებელი აქვს. მაგ: თუ ადამიანს აქვს XX ქრომოსომა, საკვერცხეები, კვერცხუჯრედი, ესტროგენი, საშვილოსნო და ვაგინა იგი მდედრობითი სქესის არის. თუმცა ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას შეიძლება მოცემული 6 კრიტერიუმიდან რამდენიმე ერთი სქესისთვის, ხოლო დანარჩენი მეორე სქესისთვის დამახასიათებელი გააჩნდეს. მათ ტერმინით - "ინტერსექსუალი" მოიხსენიებენ.


მოცემულ შკალაზე ადამიანები სქესის მიხედვით შესაბამისად შეგვიძლია გადავანაწილოთ. ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ან უკიდურეს მარჯვენა ან უკიდურეს მარცხენა წერტილში განთავსდება. დანარჩენები კი ამ მონაკვეთის ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდებიან.

მართალია, რომ სქესი მყარი ფიზიკური მოცემულობაა, თუმცა თანამედროვე სამყაროში შესაძლებელია მისი შეცვლა გარკვეული პროცედურების საშუალებით. მაგ: ჰორმონალური თერაპიის დროს იცვლება ადამიანის ჰორმონალური სქესი, ხოლო სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის შედეგად გარე სასქესო ორგანოს და გამრავლების შინაგანი სტრუქტურის შეცვლაა შესაძლებელი.


2. გენდერული იდენტობა

გენდერი ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე წარმოიქმნება. იგი სოციალური კონსტრუქციაა და გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმებს, რომელთა მიკუთვნებაც ბიოლოგიური სქესის მიხედვით ხდება. ნორმები გარკვეული ფუნქციური, ქცევითი, პროფესიული, ღირებულებითი და სხვა თავისებურებათა ნაკრებია. მაგ: ნორმაა, რომ ქალისგან ძირითადად მოელიან პასუხისმგებლობებს სახლის საქმეებზე (დასუფთავება, ჭურჭლის დარეცხვა, ბავშვების მოვლა, საკვების მომზადება და სხვ.), ხოლო მამაკაცისგან არა. ნორმის მაგალითია ასევე ქცევით თავისებურებათა შემდეგი ნაკრები: მამაკაცებს უფრო მეტად ხისტი ქცევების შესრულება და ემოციების შეკავება მოეთხოვებათ, ქალებს კი პირიქით - ემოციების გამოხატვა, დახვეწილობა და მომხიბვლელობა. ნორმები ძირითად შემთხვევაში პროფესიულ აჩევანშიც ზღუდავს ადამიანს. მაგ: ქალებს მოეთხოვებათ პროფესიად პედაგოგიკა აირჩიონ, ხოლო კაცებს ბიზნესის მართვა ან რაიმე სხვა.

მარტივად რომ ვთქვათ, გენდერი ადამიანის კაცურობას ან ქალურობას წარმოადგენს. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ყალიბდება და მასზე უდიდეს გავლენას ახდენს კულტურა, რელიგია, განათლება, ეკონომიკა, მენტალიტეტი და სხვა. თუმცა იგი დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. მაგ: საქართველოში რამდენიმე წლის წინ ქალებს კაბის ჩაცმა ევალებოდათ, დღეს კი ეს ნორმა აღარ არის ისეთი მყარი, როგორც ადრე.

ადამიანთა უმეტესობა იმ გენდერს ეკუთვნის, რომელიც მის ფიზიკურ სქესს შეესაბამება, თუმცა უმცირესობა მთლიანად შეიძლება მისი ფიზიკური სქესის საწინააღმდეგო გენდერს მივაკუთვნოთ (ტრანსგენდერი).

გენდერული ნორმები არსებითად მაინც შდარებითია, რადგან ის რაც ერთ საზოგადოებაში მამაკაცის მახასიათებლად ითვლება, სხვა საზოგადოებაში შესაძლოა ქალისთვის იყოს დამახასიათებელი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე.ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი.

გენდერული იდენტობა ადამიანის გენდერული თვითაღქმაა. ადამიანი საკუთარ თავს მამაკაცად ან ქალად შეიძლება აღიქვამდეს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გენდერული თვითაღქმა შესაძლოა კაცის და ქალის გენდერს შორის იყოს ან საერთოდ სცილდებოდეს მას. იქედან გამომდინარე, რომ გენდერული იდენტობა შინაგანი, ინტერნალური მოცემულობაა, ის შესაძლოა არ იყოს ხილული სხვებისთვის.

მოცემულ შკალაზე ადამიანები გენდერული იდენტობის მიხედვით შესაბამისად შეგვიძლია მარტივად განვათავსოთ. ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ან უკიდურეს მარჯვენა ან უკიდურეს მარცხენა წერტილში განთავსდება. დანარჩენები კი ამ მონაკვეთის ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდებიან. თუ ადამიანმა საკუთარი თავი მოცემულ შკალაზე შუა წერტილიდან მოშორებით, მაგალითად მარცხნივ, მაგრამ არა უკიდურეს წერტილში განათავსა, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი საკუთარ თავს რადიკალურად ქალად არ აღიქვამს, მაგრამ ცალსახად არც მამაკაცია. ასეთ გენდერულ იდენტობას ბი-გენდერის სახელით მოიხსენიებენ. ასევე შესაძლოა შეგხვდეთ ტერმინი "არა-განსაზღვრული გენდერი".

ბი-გენდერი არის ადამიანი, რომელიც კაცის და ქალის გენდერს შორისაა და სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისად ცვლის ამ ორი გენდერული იდენტობისთვის დამახასიათებელ ქცევებს.

თუმცა გენდერული თვითაღქმა მხოლოდ 3 გენდერული იდენტობით არ შემოიფარგლება. იგი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დანარჩენ გენდერულ იდენტობებს ქოლგა ტერმინით - "არაბინარული გენდერი" მოიხსენიებენ. იგი აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება გენდერის ბინარულ სისტემაში.

გთავაზობთ რამდენიმე არაბინარული გენდერული იდენტობის ჩამონათვალსა და მათ განმარტებებს:

გენდერქვიარი - ადამიანი, რომელიც არ იდენტიფიცირდება როგორც კაცი ან ქალი და შეიძლება საკუთარი თავის აღსაწერად გამოიყენოს გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელები.


გენდერფლუიდი - ადამიანი, რომელსაც ორი ან მეტი გენდერული რეპრეზენტატულობა აქვს. იგი საკუთარ თავს ზოგჯერ შეიძლება კაცს, ზოგჯერ ქალს, ხოლო ზოგჯერ სხვა გენდერს მიაკუთვნებდეს.

აგენდერი - ადამიანი, რომელსაც გენდერული თვითაღქმა საერთოდ არ აქვს.



3. სექსუალური ორიენტაცია

სექსუალური ორიენტაცია ადამიანის ფიზიკური, რომანტიული და ემოციური მიზიდულობაა სხვა ადამიანის მიმართ.

მოცემულ შკალაზე ადამიანები სექსუალური ორიენტაციის მიხედვით შესაბამისად შეგვიძლია მარტივად განვათავსოთ. ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ან უკიდურეს მარჯვენა ან უკიდურეს მარცხენა წერტილში განთავსდება. დანარჩენები კი ამ მონაკვეთის ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდებიან. თუ ადამიანმა საკუთარი თავი მოცემულ შკალაზე შუა წერტილში ან მისგან მოშორებით, მაგალითად მარჯვნივ, მაგრამ არა უკიდურეს წერტილში განათავსა, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი საკუთარ თავს რადიკალურად ჰეტეროსექსუალად არ აღიქვამს, მაგრამ ცალსახად არც ჰომოსექსუალია. ასეთ გენდერულ იდენტობას ბისექსუალობის სახელით მოიხსენიებენ.

აღნიშნული ტერმინები მარტივად შევიძლია ასე განვმარტოთ:

ჰომოსექსუალი - არის ადამიანი, ვისაც იზიდავ საკუთარი სქესის მქონე ადამიანი. მამრობითი სქესის ჰომოსექსუალ ადამიანებს ტერმინით - "გეი" მოიხსენიებენ, ხოლო მდედრობითი სქესის ჰომოსექსუალებს ტერმინით - "ლესბოსელი".

ჰეტეროსექსუალი - არის ადამიანი, ვისაც იზიდავს მეორე სქესის ადამიანი. მაგ: მდედრობითი სქესის ადამიანს იზიდავს მამრობითი სქესის ადამიანი და პირიქით.

ბისექსუალი - არის ადამიანი, ვისაც იზიდავს როგორც თავისივე, ასევე მეორე სქესის მქონე ადამიანი. მაგ: მამრობითი სქესის ადამიანს იზიდავს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის მქონე ადამიანი.

მაგრამ, სექსუალური ორიენტაცია მხოლოდ 3 სახის არ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფიზიკური, რომანტიული და ემოციური მიზიდულობა არცერთი სქესისა და გენდერის მქონე ადამიანის მიმართ არ აქვთ ან ნებისმიერის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ. შესაბამისად მათ ასექსუალები და პანსექსუალები ეწოდებათ.

ასექსუალი - არის ადამიანი, ვისაც ფიზიკური, რომანტიული და ემოციური მიზიდულობა რომელიმე სქესის მქონე ადამიანთან საერთოდ არ გააჩნიათ. თუმცა შესაძლებელია იშვიათად, მაგრამ მაინც გაუჩნდეთ დაბალი ინტენსივობით ასეთი სახის მიზიდულობები სხვა ადამიანთა მიმართ. ასევე შესაძლებელია დაამყაროს სექსუალური კონტაქტი (მაგ: ბავშვის გაჩენისთვის ან ინტერესის გამო).

პანსექსუალი - არის ადამიანი. ვისაც ფიზიკური, რომანტიული და ემოციური მიზიდულობა ნებისმიერი სქესის, გენდერის და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმათ შეიძლება ჰქონდეს. ხშირად პანსექსუალი და ბისექსუალი ადამიანები ერთმანეთში ერევათ. თუმცა ეს მარტივი სქემა დაგეხმარებათ განსხვავებების აღქმაში.

 


4. გენდერული თვითგამოხატვა

გენდერული თვითგამოხატვა ადამიანის გენდერული იდენტობის გარეგანი გამოხატულებაა. იგი ვლინდება ჩაცმის სტილში, ქცევებში, მანერებში, თმის ვარცხნილობაში და ა.შ. თითოეული კულტურა განსაზღვრავს გენდერის გარეგნული გამოხატულების ფორმას. მაგ: მაჰმადიანურ კულტურაში ქალებს ევალებათ ჩადრის ტარება, ხოლო მამაკაცებს არა. თითქმის მთელს მსოფლიოში ტანსაცმლის მაღაზიები ორ სექციადაა გაყოფილი და ცალ-ცალკეა განთავსებული ქალისათვის და მამაკაცისათვის შესაფერისი ტანსაცმელი, რაც განარჩევს მამაკაცისთვის ტიპიურ და ქალისთვის ტიპიურ ჩაცმის სტილს ერთმანეთისგან. ასევეა ქცევაც: მამაკაცებს ხისტი ქცევების გამოხატვა მოეთხოვებათ, ხოლო ქალებს პირიქით.

კულტურული განპირობებულობა გავლენას ახდენს გენდერული აღქმის გარეგან გამოხატულებაზე. ის რაც დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ კულტურაში ნორმას წარმოადგენს, აფსოლიტურად საწინააღმდეგოდ ვლინდება სხვადასხვა პირველყოფილ საზოგადოებებში, სადაც მაგალითად, ქალების ჩაცმულობის სტილი (სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები) მამაკაცის ჩაცმულობის სტილი უფროა.

ძირითად შემთხვევაში ქალისათვის ტიპიურ ქცევებსა და ჩაცმის სტილს ფემინურს, ხოლო მამაკაცისთვის ტიპიურ ქცევებსა და ჩაცმის სტილს მასკულინურს უწოდებენ.

მოცემულ შკალაზე ადამიანები გენდერული თვითგამოხატვის მიხედვით შესაბამისად გადანაწილდებიან. მკვეთრად ფემინური ქცევებისა და ჩაცმის სტილის მქონე ადამიანი უკიდურეს მარცხენა, ხოლო მკვეთრად მასკულინური ქცევებისა და ჩაცმის სტილის მქონე ადაიანი უკიდურეს მარჯვენა წერტილში აღმოჩნდებიან. დანარჩენები კი ამ მონაკვეთის ნებისმიერ წერტილში დალაგდებიან.

ჩვენ ადამიანები მიჩვეულნი ვართ სხვები მოვიხსენიოთ გენდერული იდენტობის აღმნიშვნელი ტერმინებით. სასაუბრო ენაში ხშირად ვიყენებთ ტერმინებს ქალი და მამაკაცი. ამის საშუალებას ადამიანის გენდერული გამოხატულება გვაძლევს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა გენდერული თვითგამოხატვა არც მხოლოდ ფემინური და არც მხოლოდ მასკულინურია. გამოხატვის ამგვარ სტილს ანდროგინული ეწოდება. ანდროგინი ადამიანი შეიძლება ატარებდეს კაბას (რაც ტიპიურად ქალისთვის არის დამახასიათებელი) და წვერს (რაც ტიპიურად მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი) ერთდროულად. ეს კი ბინარული გენდერული გამოხატულების ფორმას აბუნდოვნებს.

მოცემულ შკალაზე ადამიანთა განთავსებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ კულტურული, სოციალური და ინდივიდუალური კოტექსტი. ის რაც შესაძლოა ჩვენ მივიჩნიოთ ტიპიურად ქალისთვის დამახასიათებლად, აღსაწერი ადამიანის კულტურისათვის შესაძლოა ტიპიურად მამაკაცური აღმოჩნდეს ან ინდივიდი აღქმა არ იყოს ისეთი, როგორიც ჩვენი.

აღსანიშნავია ასევე ბოლო პერიოდში მოდის საკმაოდ ცნობილი სტილი - ლამბერსექსუალობა. იგი სწორედაც გენდერის მასკულინური ფორმის გამოხატულებაა, ხოლო მეტროსექსუალობა ფემინურის.


5. სექსუალური ქცევა

სექსუალური ქცევა ადამიანის შესაძლებლობაა, დაამყაროს სქესობრივი კავშირი საკუთარი ან საპირისპირო სქესის ადამიანთან. იგი დაკავშირებულია ადამიანის და მისი პარტნიორის/პარტნიორების ბიოლოგიურ სქესთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სექსუალური ორიენტაცია განსხვავებული იყოს სექსუალური ქცევისგან. მაგ: შესაძლოა ჰეტეროსექსუალ ქალს ჰქონდეს ჰომოსექსუალური სქესობრივი კონტაქტი.

სექსუალური ქცევა შეიძება იყოს ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური ან ცელიბატური.

ჰეტეროსექსუალური ქცევა არის სქესობრივი პრაქტიკა, რომლის დროსაც აქტორები არიან მამრობითი და მდედრობითი სქესის მქონე ადამიანები.

ჰომოსექსუალური ქცევა არის სქესობრივი პრაქტიკა, რომლის დროსაც აქტორები არიან ერთიდაიგივე სქესის მქონე ადამიანები: მდედრობითი და მდედრობითი ან მამრობითი და მამრობითი.

ცელიბატური ქცევა არის სქესობრივი პრაქტიკებისგან თავის შეკავება.




გამოყენებული ლიტერატურა:
1. https://www.sciencebasedmedicine.org/sex-gender-and-sexuality-its-complicated/
2. https://www.plannedparenthood.org/learn/sexual-orientation-gender/
3. http://minority.ge/library/publications/სექსუალური-ორიენტაცია/
4. http://www.wikihow.com/Understand-Different-Sexual-Identity-Terms
5. http://practicalandrogyny.com/2011/04/28/transgender-organisation-inclusivity/
6. http://nonbinary.org/wiki/Nonbinary_gender

1 comment:

  1. გმადლობ, კობა; კარგად არის გაკეთებული.

    პრინციპში, ქცევაც ბისექსუალური შეიძლება იყოს, ფორმალურად, უბრალოდ იშვიათია - action with m+f ერთდროულად :)

    ReplyDelete