January 5, 2015

გეი/ლესბოსელ წყვილთა საკითხები (სერვისის მიმწოდებელი სპეციალიტებისთვის)

ეს იყო წარსულში, როდესაც მან დაასრულა საუბარი საულთან და ჯონათანის სული 
შეერწყა დავითის სულს და ჯონათანს შეუყვარდა იგი, ვითარცა თავისი სული.
და საულმა დღესა ამასა აღარ დაუტევა ის მამისა სახლსა. მაშინ ჯონათან და დავით შეთანხმდნენ, რადგანაც მათ უყვარდათ ერთმანეთი, ვითარცა საკუთარი სული.
და ჯონათანმა მოიხსნა კვართი, რომლითაც ის იყო შემოსილი და გადასცა დავითს, ვითარცა სამოსელი მისი, და ხმალი მისი, და მშვილდი მისი, და სარტყელი მისი...

-1 სამუელი 18: 1-4

აღწერის მიხედვით, 2000 წლამდე იმ 11 მილიონ წყვილში, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, 1 მილიონი გეი და ლესბოსელი წყვილია. კვლევები აჩვენებს, რომ ნებისმიერ დროს გეების 40-60% და ლესბოსლების 45-80% ურთიერთობაშია. ეს ციფრები არ მოიცავს იმ წყვილებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ. ამიტომ გეი და ლესბოსელი წყვილების რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით უფრო მეტია.

ჯანმრთელი გეი წყვილების ურთიერთობათა შესწავლა ნამდვილად არ იწყება მაკუირტერის და მეტისონის 1984 წელს გამოცემული წიგნით. მათ შეისწავლეს 156 გეი წყვილი, რომლებიც ერთად მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 37 წელი ცხოვრობდნენ. ისინი შეისწავლიდნენ, თუ როგორ შეხვდნენ წყვილები ერთმანეთს, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ მუშაობდნენ და როგორ ჩამოყალიბდა მათი ურთიერთობა (ამ კვლევის შესახებ ქართულად ნათარგმნი რესურსი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://geolgbt.blogspot.com/2014/12/blog-post.html ). თუმცა ამ კვლევის შემდეგ გეი და ლესბოსელთა საკითხების შესწავლა წინ არ წასულა. ის, რაც ვიცით გეი და ლესბოსელი წყვილების შესახებ, ნამდვილად არ არის საკმარისი და კვლევათა უმეტესობა მოძველებულია ყოველი ახალი თაობისთვის.

გეი და ლესბოსელ წყვილებთან თერაპიული მუშაობა მოითხოვს დამატებით ექსპერტულ ცოდნას და უნარებს. დაუშვებელია მათთან მუშაობა ისე, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებთან, რადგანაც მათ წინაშე არის მთელი რიგი დამატებითი სტრესორები და სხვაგვარი განვითარების პროცესი.


ცოდნის რეზერვუარი
(ის, რაც უნდა იცოდეს გეი და ლესბოსელ წყვილებთან მომუშავე ადამიანმა)

გრინი და მიშელი განიხილავენ ცოდნის ხუთ სფეროს, რომლებიც უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ მიაწოდოთ გამართული სერვისი გეი და ლესბოსელ წყვილებს.

 1.   ჰომოფობია - ეს ეხება თითქმის ყველა გეი და ლესბოსელი ადამიანის გამოცდილებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მათ. ზოგჯერ ჰომოფობიის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „ჰეტეროსექსიზმი“, მაგრამ ორივე მათგანი დაკავშირებულია შეზღუდვასთან. თუ შევადარებთ გეი და ლესბოსელ წყვილებს სტანდარტულ ჰეტეროსექსუალ წყვილებთან, დავინახავთ, რომ გეი და ლესბოსელი წყვილები არიან უფრო მეტად შეზღუდულები. შეზღუდულობა და დისკრიმინაცია, როგორც წესი, რიგ საკითხებთან მიმართებაში ვლინდება:
·         ლეგალური დისკრიმინაცია - ეს შეიძლება ეხებოდეს საბინაო არჩევანს, დასაქმებას და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კოტულსკი (2004) ხაზს უსვამს აშშ-ში 1049 ფედერალურ უფლებას, რომელიც ენიჭება ჰეტეროსექსუალ წყვილს დაქორწინების შემდეგ და ხელმიუწვდომელია გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის. მაშინაც კი, როდესაც აშშ-ს ზოგიერთ შტატში დაშვებულია სამოქალაქო კავშირის უფლება გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის, ამ უფლებებიდან მხოლოდ 300 ენიჭებათ მათ ქორწინების შემდეგ. თუმცა ამ უფლებების მინიჭებისთვისაც არსებობს დამატებითი სირთულეები და ისინი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე შტატში ვრცელდება და არა მთელს ქვეყანაში. ამ მხრივ ქართული კანონმდებლობის შესწავლა ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ზოგიერთი საკითხი:
     o   ქართული კანონმდებლობა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს აძლევს ქორწინების შესაძლებლობას. ეს უფლება გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის ხელმიუწვდომელია.
     o   ქართული კანონმდებლობა ჰეტეროსექსუალ წყვილს ანიჭებს შვილად აყვანის უფლებას, რაც გეი წყვილისთვის არ არის დასაშვები.
     o   კანონმდებლობა უფლებას აძლევს დაქორწინებულ ჰეტეროსექსუალებს მოითხოვონ კომპენსაცია იმ პირისგან, რომელმაც რაიმე სახის ზიანი მიაყენა მის მეუღლეს. გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის კი ეს უფლება არ არის ხელმისაწვდომი.
     o   ჰეტეროსექსუალი წყვილის შემთხვევაში, თუ ერთი პარტნიორი გარდაიცვლება, თავისი კანონიერი მემკვიდრე არის მეორე. მაგრამ გეი და ლესბოსელი წყვილების შემთხვევაში ეს ასე არ არის.
·         ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია - საქართველოში დღემდე აქტუალურია დისკრიმინაცია ფსიქოლოგების მხრიდან. მათი გარკვეული ნაწილი ჰომოსექსუალობას დღესაც გადახრად მიიჩნევს და არ ითვალისწინებს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან იქნა ამოღებული. ისინი ინარჩუნებენ ჰომოფობიურ შეხედულებებს. თუმცა არსებობენ გეი მხარდამჭერი ფსიქოლოგებიც. მაგრამ ამ მხრივ კომპეტენცია ძალიან დაბალია, რაც განპირობებულია კვლევათა სიმცირით. საქართველოში დღემდე არ არის გამოკვლეული გეი ურთიერთობათა საკითხები, რაც საჭირო ინფორმაციას მოგვცემდა. რაც ვიცით, არის მხოლოდ ამერიკული და ევროპული ქვეყნების მაგალითებზე ჩატარებული კვლევები. თუმცა კულტურული და სოციალური ფაქტორები მნიშვნელოვნად განაპირობებს ურთიერთობათა სტრუქტურას და განვითარების პროცესს. შესაბამისად საჭიროა გეი ურთიერთობათა შესწავლა და კომპეტენციის გაზრდა.
·         რელიგიური დისკრიმინაცია - მისი შეზღუდვების მექანიზმთა დიაპაზონი ფართოა. მინიმუმი შეიძლება გამოიხატოს მარტივი უარის თქმით აღიაროს და დალოცოს გეი წყვილები(ჯვრისწერის გზით), როდესაც ასეთ შეზღუდვებს არ უწესებს ჰეტეროსექსუალ წყვილებს. მაქსიმუმი კი არის ფიზიკური ძალადობა, დევნა და შევიწროება გეი წყვილების. ამის დასტურია 2013 წლის 17 მაისს ქალაქ თბილისში მომხდარი შემთხვევა, როდესაც რელიგიური ჯგუფების ლიდერები საკუთარი მრევლით თავს დაესხნენ ლგბტ და მათ მხარდამჭერ ადამიანებს და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. აქტუალურია ასევე რელიგიაზე დაფუძვნებული გარდაქმნის თერაპია, რაც გულისხმობს ჰომო და ბისექსუალური ორიენტაციის ცოდვად განხილვას და გვთავაზობს მათგან „განკურნების“ გზას.
·         სოციალური დისკრიმინაცია და ურთიერთობის მხარდაჭერის პრობლემა - ვეიტი და გალაგერი ამტკიცებენ, რომ სოციუმის მხრიდან ქორწინების აღიარება იცავს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს ურთიერთობას, რაც ქორწინების წარმატების საწინდარია. მაგალითად, გაზეთებში გაკეთებული განცხადება ქორწინების შესახებ, ურთიერთობის ნათელი სტატუსი და ოჯახის მხარდამჭერი კანონმდებლობა საშუალებას აძლევს საზოგადოებას სწრაფად გაიგოს და პატივი სცეს ურთიერთობას... ყველას გაერთიანება საშუალებას აძლევს წყვილს შეინარჩუნოს და გააგრძელოს დაწყებული ურთიერთობა.
მაშინაც კი, როდესაც გეი წყვილიდან ერთი პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლია (გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანების 40% უშუალო დისკრიმინაციის მსხვერპლია) ან განიცდის უმცირესობის სტრესს, ეს მეორეზეც მოქმედებს.

 2.   ინტერნალიზებული ჰომოფობია - ეს ძირითადად ეხება ჰომოსექსუალთა მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური შეხედულებების შეთვისებას თავად გეი და ლესბოსელი ადამიანის მიერ. მარტივად რომ ვთქვათ, გეი/ლესბოსელ ადამიანს ეზიზღება ან არ მოსწონს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და ამის გამო განიცდის სტრესს. მაგალითად, ეს შეიძლება მოიცავდეს ცრურწმენას, რომ გეი ურთიერთობა არამყარია.
ამან ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონოგამიის შესახებ რწმენაზე. მნიშვნელოვანია ოჯახის და საზოგადოების რელევანტური მხარდაჭერა რომელიც გრძელვადიანი ურთიერთობის წარმატების შანსს ზრდის.

რიგლი და როსტოსკი ინტერნალიზებულ ჰომოფობიასთან გასამკლავებლად ასახელებენ რამოდენიმე გზას. მათ შორის არის: უშუალო ძალისხმევა ჰომოფობიური შეხედულებების აღმოსაფხვრელად საზოგადოებაში, სოციალური აქტივიზმის მხარდაჭერა და გეი წყვილებისთვის ურთიერთობის როლური მოდელების შექმნა.

გრინი და მიშელი ინტერნალიზებული ჰომოფობიის შედეგად ასახელებენ დეპრესიას და სექსუალურ პრობლემებს. საზოგადოებაში არსებულმა ჰომოფობიამ, ურთიერთობის შაბლონის არარსებობამ, ქორწინების უფლებაზე ხელმიუწვდომლობამ, გენდერული როლების გადანაწილებამ და სხვა სახის პრობლემებმა დიდი შანსია, რომ გამოიწვიოს და გაზარდოს კონფლიქტი გეი წყვილებში. ეს კი შემდგომში იწვევს შფოთის მატებას და ურთიერთობით უკმაყოფილების განცდას. ჩნდება ირაციონალური რწმენა მონოგამიაზე და შედეგად ურთიერთობა მარტივად ინგრევა. იმატებს სექსუალური სურვილების სიხშირეც, რომლებიც საჭიროებენ დაკმაყოფილებას. ურთიერთობის შედეგად კი წარმოიქმნება დიდი სტრესი, მით უმეტეს თუ ეს ურთიერთობა დაფარულია სხვებისთვის, რასაც მოყვება დეპრესია.

 3.   ღიაობა - ეს ეხება გეი და ლესბოსელი ინდივიდების ან წყვილების ღიაობის ხარისხს. იგი აჩვენებს თუ რამდენად წარმოაჩენენ გეები და ლესბოსლები საკუთარ ცხოვრებას მათ ოჯახში, თანამშრომლებთან, დამსაქმებელთან, თანატოლებთან და საზოგადოებაში. უცნაური არ არის, რომ ისინი იყვნენ უფრო გახსნილები ერთ გარემოში, ვიდრე მეორეში. წყვილიდან ერთი შესაძლოა უფრო მეტად იყოს ღია, ვიდრე მეორე.

 4.   ინტიმური ურთიერთობა - გრინი და მიშელი ერთსქესიანი წყვილების ურთიერთობის აღსაწერად იყენებენ ტერმინს „ბუნდოვანი ვალდებულება“, რაც ფოკუსირებას ახდენს  ურთიერთობის შიდა და არასტაბილურ ასპექტზე და არ ითვალისწინებენ გეი და ლესბოსელი წყვილების განსხვავებულ გარე სოციალურ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ გეი და ლესბოსელი წყვილები იგივე დონის ინტიმურობას განიცდიან, რასაც ჰეტეროსექსუალი წყვილები, არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ართულებს მას:
·         მედიაში ასახვა -მედიაში დიდი ხნის ისტორია აქვს გეი და ლესბოსელი ადამიანების ნეგატიურ რეპრეზენტაციას. ხშირად გეები წარმოჩენილნი არაიან როგორც იმპულსური, არასერიოზული და ზედაპირული არსებები, რომლებსაც არ აქვთ უნარი იპოვონ სიყვარული და ჩამოაყალიბონ სერიოზული და დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა. ეს კი პირდაპირ ახალისებს ინტერნალიზებულ ჰომოფობიას.
·         ურთიერთობასთან დაკავშირებული რიტუალები - ეს ეხება ურთიერთობის დაცვის სპეციალურ, ლეგალურ მექანიზმებს; სამოქალაქო და საეკლესიო ცერემონიალებს, სიტყვებს, რომლითაც ისინი აღწერენ საკუთარ ოჯახს და ა.შ.
·         შეთანხმებები - გრინი და მიშელი აქვეყნებენ იმ საკითხების სიას, რაზედაც ჰეტეროსექსუალი წყვილები ავტომატურად თანხმდებიან ქორწინების შედეგად. ესენია:
   o    მონოგამია
   o   საერთო ფინანსები
   o   ზრუნვა ერთმანეთზე ავადმყოფობის დროს („სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“)
   o   ერთმანეთის ოჯახზე ზრუნვა
   o   საერთო მემკვიდრეობა
   o   მინდობილობის უფლება
   o   სქესთან თავსებადი გენდერული როლების განაწილება (მაგ. ბავშვებზე ზრუნვა და ა.შ.)
   o   დამსაქმებლების მხრიდან მათი ოჯახის პატივისცემა (მაგ. სადეკრეტო შვებულება, საოჯახო დაზღვევა)
გეი და ლესბოსელ წყვილებს ხშირად უწევთ დამატებითი საუბარი, მოლაპარაკება და დაგეგმვა ყველა ამ საკითხისა, რათა ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობა.

 5.   შიდა და გარე საზღვრები - ურთიერთობის გარე საზღვარი ნიშნავს საზოგადოების მიერ ამ ურთიერთობის ჩარჩოში მოქცევას და აღიარებას. თუმცა ერთსქესიან წყვილთათვის საზოგადოება გარე საზღვრებს არ აღიარებს და ამიტომ რთულია ამ ურთიერთობის შენარჩუნება. შიდა საზღვარი კი ნიშნავს თავად ლგბტ თემის შიგნით ერთსქესიან წყვილთა ურთიერთობის შემოსაზღვრას და აღიარებას. საზღვრები თემის შიგნით საკმაოდ რთულად არის აწყობილი. ერთსქესიანი წყვილები, როგორც წესი, ინარჩუნებენ კავშირს მეგობრებთან და ყოფილ პარტნიორებთან და არის უფრო მყარი ქსელურობა, რაც დახურულია ამ წრის გარეთ მყოფი საზოგადოებისთვის.



ურთიერთობათა (ოჯახის) სტრუქტურა

ურთიერთობის (ოჯახის) საკითხი დაკავშირებულია ღიაობასა და ინტიმურობასთან. გრინი და მიშელი ამბობენ, რომ გეი და ლესბოსელი წყვილები ქმნიან „არჩევით ოჯახებს“, რომლებიც შედგება ძირითადად გეი და ლესბოსელი მეგობრებისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა ჩატარდეს კვლევა და გაკეთდეს ინტერპერსონალური ურთიერთობების დიაგრამა (სოციოგრამა) ამ „არჩევითი ოჯახებისთვის“ ან იმ ურთიერთობათა კავშირებისთვის (ოჯახებისთვის), რომლებსაც გეი და ლესბოსელი წყვილები ქმნიან. ეს მოიცავს კონცენტრირებულ წრეებს, რომლის ცენტრშიც იქნება წყვილი, გარშემო ორი ან სამი ახლო მეგობარი, შემდგომ სხვა უფრო ახლო მხარდამჭერი სისტემები და ბოლოს საზოგადოება და მისი უფრო ფართო მხარდამჭერი სისტემები. ეს მხარდამჭერი სისტემა რამოდენიმე კრიტერიუმით ფასდება:
  • ზომა და სტრუქტურა
  • კონტაქტების სიხშირე, რაოდენობა და ტიპები
  • საერთო საქმიანობის ტიპები
  • როლების სიმრავლე
  • მხარდაჭერის ტიპი და ხარისხი
  • სტაბილურობა
  • სიმჭიდროვე
  • თანაზიარობა
გრინი და მიშელი ამბობენ რომ „არჩევითი ოჯახების“  ზომა დაახლოებით 8-დან 12 წევრამდე მერყეობს. ამ ოჯახში ახალი წევრების მიღება მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დაახლოებით ერთი წელი სჭირდება პროცესს. ამ დროის განმავლობაში ახალი წევრებისთვის ხდება როლისა და ფუნქციების შექმნა და ახალი კავშირის განვითარება. „არჩევითი ოჯახის“ შექმნა ნიშნავს „ორიგინალი“ (ბიოლოგიური) ოჯახისაგან დისტანცირებას გარკვეული პერიოდითაც.

ლასალა (2000) ეწინააღმდეგება ბოვინიანის პერსპექტივას, რომლის მიხედვითაც იმ ლესბოსელმა და გეი წყვილებმა, რომელთაც არ აქვთ გაცხადებული საკუთარი ერთსქესიანი ურთიერთობის შესახებ ბიოლოგიურ ოჯახებში, უნდა გააკეთონ ეს.

გრინი (2000) მკაცრად აკრიტიკებს ამ მიდგომას და ამტკიცებს, რომ გეი და ლესბოსელი წყვილების უმეტესობა მხარდაჭერას პირველ რიგში იღებს მათი „არჩევითი ოჯახებიდან“, ხოლო წინააღმდეგობა ძირითადად მოდის მათი ბიოლოგიური ოჯახებიდან. დაუშვებელია წყვილებზე ზეწოლა, იმისათვის რომ მათ განაცხადონ ურთიერთობის შესახებ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგანაც ოჯახიდან უარყოფის შემთხვევაში წყვილი იღებს ძლიერ ემოციურ ტრამვას. ჰეტეროსექსუალი წყვილის შემთხვევაში ეს პროცესი გაცილებით მარტივია, რადგანაც საკმაოდ მაღალია ოჯახის მხრიდან მიმღებლობის დონე. გრინი მიიჩნევს, რომ ერთსქესიან წყვილს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია მიიღოს მყარი გადაწყვეტილება ოჯახთან საკუთარი ურთიერთობის გაცხადების შესახებ, როცა გააცნობიერებს რისკებს და სარგებლებს. თერაპევტს კი მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ენდოს გადაწყვეტილებას.

როსტოსკიმ და კოლეგებმა (2004) ჩაატარეს თვისობრივი კვლევა 14 ერთსქესიან წყვილში. ისინი იკვლევდნენ თუ რამდენად ღიანი იყვნენ წყვილები მათ ბიოლოგიურ ოჯახებთან ერთსქესიანი ურთიერთობის შესახებ. შემთხვევათაგან 11 დასრულდა პოზიტიური შედეგით და ოჯახის მინიმუმ ერთმა წევრმა მაინც დაუჭირა მხარი ერთსქესიან ურთიერთობას, მაგრამ სამაგიეროდ 11 დასრულდა ნეგატიური შედეგით და მინიმუმ ოჯახის ერთმა წევრმა არ მიიღო ერთსქესიანი ურთიერთობა. რვა შემთხვევა კი დასრულდა ძალადობით. წყვილთაგან ექვსი ამბობდა, რომ ოჯახის უარყოფითმა რეაქციამ გავლენა მოახდინა მათ ურთიერთობაზე და შემდეგ ცდილობდა ურთიერთობისგან თავის არიდებას.

გრინი და მიშელი გვირჩევენ გავაკეთოთ წყვილის ბიოლოგიური ოჯახების ტრადიციული გენოგრამა (ოჯახის ხე) და შევაფასოთ იგი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • იცის თუ არა (და რამდენი ხანია იცის) ოჯახის წევრებმა ინდივიდი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ
  • ამ ოჯახის გავლენის ხარისხი
  • ოჯახის რომელ წევრებთან არის შესაძლებელი ერთსქესიანი ურთიერთობის გამჟღავნება
  • როგორ შეიძლება შეხვდეს ოჯახი ერთსქესიან ურთიერთობას და ახალ პარტნიორს



თერაპევტის უნარები

ამტკიცებენ, რომ გეი და ლესბოსელი წყვილები სხვადასხვა სახის სერვისებს მხოლოდ გეი და ლესბოსელი ადამიანებისგან იღებენ. თუმცა ეს ასე არ არის. მხოლოდ გეები და ლესბოსლები არ ფლობენ საჭირო ცოდნასა და უნარებს, რათა მიაწოდონ გამართული სერვისები გეი და ლესბოსელ წყვილებს. მართალია, რომ მათ უფრო მაღალი აქვთ ემპათიის განცდა, მაგრამ საქართველოშიც არსებობენ ჰეტეროსექსუალები, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარებს და აწვდიან მაღალი დონის სერვისებს გეი და ლესბოსელ წყვილებს.

და მაინც, ჰომოფობია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს თერაპევტებს. ბაუერსმა და ბიშკმა (2005) გამოაქვეყნეს კვლევის შედეგი, რომელიც პრაქტიკულად იმავე დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რასაც მანამდე ჩატარებული სხვა კვლევები იმავე საკითხზე გვაძლევდნენ. მათი მტკიცებით, სავარაუდოა, რომ მამრობითი სქესის ჰეტეროსექსუალი თერაპევტები უფრო ჰომოფობიურად არიან განწყობილნი და მაღალია მათი მხრიდან ძალადობისა და აგრესიის რისკი.

რიგლი და როსტოსკი ჰეტეროსექსუალ თერაპევტებს სთავაზობენ შემდეგ რჩევას: თუ თქვენ ხედავთ, რომ არაკომფორტულად გრძნობთ თავს როდესაც შეხება გიწევთ გეი და ლესბოსელ წყვილებთან, მაშინ უნდა შეწყვიტოთ მათთან მუშაობა და გადაამისამართოთ ისინი შესაბამის თერაპევტთან.

ძალიან კარგი რესურსია ასევე ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის გაიდლაინი, რომელიც ეხება ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის მეთოდებს. (ეს რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://www.apa.org/practice/guidelines/glbt.pdf  . მისი ქართული თარგმანი კი მალე იქნება ხელმისაწვდომი)

ბევრი თერაპევტისთვის ყველაზე რთული საკითხი მაინც არის არამონოგამიური ურთიერთობები. დაფიმ და რასბოლტმა (1986) გეი, ლესბოსელ და ჰეტეროსექსუალ წყვილებში ჩაატარეს კვლევა მონოგამიისა და ხანგრძლივი ურთიერთობების შესახებ. მიღებული შედეგები კი ასეთია:
  • გეების ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა საშუალოდ 30 თვეა. მათი 59% კი მონოგამია
  • ჰეტეროსექსუალი კაცების ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა საშუალოდ 53 თვეა. მათი 88% კი მონოგამია
  • ჰეტეროსექსუალი ქალების ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა საშუალოდ 65 თვეა. მათი 76% მონოგამია
  • ლესბოსლების ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა საშუალოდ 54 თვეა. მათი 96% მონოგამია
გრინი და მიშელი ამბობენ, რომ არსებობენ სამი სახის არამონოგამი წყვილები:
  • დეითინგ წყვილი, რომლებიც არ ცდილობენ განავითარონ ურთიერთობა (სავარაუდოდ ისინი არ მოვლენ თქვენს ოფისში კონსულტაციისა და თერაპიისთვის მათი ურთიერთობის შესახებ. თუმცა თუ ეს ურთიერთობა გადაიზრდება უფრო სერიოზულ ფორმაში, ისინი სავარაუდოდ დაგეკონტაქტებიან)
  • ღია და არაკონფლიქტური წყვილი, რომლებსაც აქვთ გარკვეული წესები და ამით უმკლავდებიან პრობლემებს (სავარაუდოდ ისინი არ მოვლენ თქვენს ოფისში თერაპიისა და კონსულტაციისთვის)
  • ღია და კონფლიქტური წყვილი, რომლებსაც აქვთ პრობლემები (სავარაუდოდ ისინი ხშირად მოვლენ თქვენს ოფისში თერაპიისთვის)
ამდენად, თქვენ ძირითადად შეხვდებით წყვილებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები. როგორ უნდა დაეხმაროთ მათ? გთავაზობთ რამოდენიმე ძირითად საკითხს, რომლებთან გამკლავებაც თქვენ მოგიწევთ:
  • ერთსქესიანი ურთიერთობის შესახებ გაცხადება ოჯახში
  • სტრესი და დეპრესია
  • ჰომოფობია და დისკრიმინაცია. მისი გავლენა ურთიერთობაზე
  • ინტერნალიზებული ჰომოფობია და მისი გავლენა ურთიერთობაზე
  • განშორების ტრავმა
  • ღია ურთიერთობები
  • ეჭვიანობა და კონფლიქტები
  • გენდერული როლების გადანაწილება
  • აივ-შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებები. მათთან დაკავშირებული სტიგმა
  • ოჯახური ძალადობა (რის გამოც წყვილებს ხშირად რამოდენიმე სერვისის მიწოდება ესაჭიროებათ)
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები

წყარო: http://www.psychpage.com/family/library/gay-lesbian.html

No comments:

Post a Comment