December 30, 2014

გეი წყვილების ურთიერთობის ფსიქოლოგია

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გეი ურთიერთობები წარმოაჩინონ დისფუნქციურად. თუმცა არიან სხვები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ. მაგალითად  ცნობილი ფსიქოლოგი და ურთიერთობების ექსპერტი - ჯონ გოტმენი და ჯულიენი, რომელთა შეხედულებებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ იგივე სახის რომანტიული და ინტიმური კავშირი და იგივენაირად უფრთხილდებიან ურთიერთობას, როგორც ჰეტეროსექსუალი წყვილები.

ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი "გეი ურთიერთობების განვითარების მოდელი" ეკუთვნის მაკ’უირტერს და მეტისონს (1984). შესაძლოა ეს მოდელი ძველია, თუმცა მკაფიოდ გამოხატავს შესასწავლ საკითხს და ეყრდნობა 150 გეი წყვილის ინტერვიუს.
ამ მოდელის შექმნაზე მუშაობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის იმდენად უნიკალურია, რომ შეესაბამება თანამედროვე კვლევებით გაკეთებულ ახალ მოდელებსაც.

მაკ’უირტერმა და მეტისონმა გეი ურთიერთობაში გამოყვეს ექვსი ეტაპი და დაიწყეს ამ მოდელის განხილვა. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მეტად მნიშვნელოვანია ის სოციალური გარემო, სადაც ურთიერთობები ვითარდება. ისინი აღნიშნავდნენ შემდეგს:

„ჰეტეროსექსუალ წყვილებს გეი წყვილებთან შედარებით იმდენად არ უწევთ ისეთ საკითხებთან გამკლავება, როგორიცაა მაგალითად როლების განაწილება, ფინანსები, საკუთრების უფლება და განაწილება, სოციალური ვალდებულებები... ჰეტეროსექსუალი წყვილები თითქმის არ განიცდიან საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებაში მიმღებლობის სტრესს, რაც ჩვეული მოვლენაა გეი წყვილებისთვის... ჰეტეროსექსუალი წყვილები ცხოვრობენ იმ მოლოდინით, რომ მათ ურთიერთობას „მხოლოდ სიკვდილი განაშორებს“, როდესაც გეი წყვილები დაინტერესებული არიან ურთიერთობის გადარჩენით. ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ ურთიერთობათა ძალიან ბევრი მოდელი (შაბლონი)... ხოლო გეი წყვილებს აქვთ მხოლოდ ჰეტეროსექსუალური მოდელი, რომელიც მათთვის გამოუსადეგარია. ჰეტეროსექსუალები იშვიათად აყენებენ ეჭვქვეშ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის „სისწორეს“, მაშინ, როდესაც გეებს ხშირად უწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება.“

მიუხედავად იმისა, რომ ეს კომენტარი დაახლოებით 30 წლის წინ არის გაკეთებული, პრაქტიკულად ყველა იმ ძირითად პრობლემას ეხმიანება, რაც დღესაც კი აწუხებთ გეი წყვილებს. ბევრ ასპექტში კი მხოლოდ მცირედი ცვლილებებია:

  • დებატები გეი ქორწინების შესახებ დღესაც მკვეთრად ნეგატიურ კომენტარებს იწვევს მედიაში. კვლავაც გრძელდება გეების, როგორც ბავშვებზე მოძალადეების წარმოჩენა და ა.შ. თუმცა ძნელი სათქმელია იქნება თუ არა გეი ქორწინება ძალადობისგან დაცვის მექანიზმი.
  • ამტკიცებენ, რომ გეი ქორწინება არ იქნება სტაბილური და დააკნინებს ქორწინების წმინდა ინსტიტუტს. თუმცა მაგალითად დანიაში მხოლოდ 15% გეი ქორწინებისა დასრულდა განქორწინებით, როცა ჰეტეროსექსუალ წყვილებში ეს მაჩვენებელი 46%_ს აღწევს. გოტმენის და მისი კოლეგების კვლევაზე დაყრდნობით (2003), რომელიც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩანს, რომ გეი და ლესბოსელი წყვილების მხოლოდ 20%_მა დაასრულა ურთიერთობა. განზოგადება რომ გავაკეთოთ, 40 წლის განმავლობაში გეი და ლესბოსელ წყვილებში განქორწინების მაჩვენებელი გამოდის 63,5%, ხოლო ჰეტეროსექსუალ წყვილებში 67%. ეს მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს მხოლოდ გეი ქორწინების არასტაბილურობას და არ ანიჭებს მათ (გეი წყვილებს) უპირატესობას განქორწინების მაჩვენებელში.

გოტმენმა აღმოაჩინა, რომ გეი/ლესბოსელი წყვილები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი, როდესაც დგებიან პრობლემების წინაშე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიყენონ ნეგატიური კომუნიკაციის სტილი (მაგალითად აგრესია და დაშინება). შესაბამისად, ჰეტეროსექსუალი წყვილებისგან განსხვავებით, ნაკლებად არიან მიდრეკილი ფიზიკური ძალადობისკენ.

გოტმენი ასევე აღნიშნავს, რომ გეი/ლესბოსელი წყვილები ნაკლებად აწერენ მათი პარტნიორის ნეგატიურ მხარეებს პიროვნულ დეტერმინატებს განსხვავებით ჰეტეროსექსუალი წყვილებისგან. ამდენად, გეი წყვილებს შეუძლიათ გარკვეული ხარისხით მიიღონ პარტნიორის ნეგატიური მხარეები და იყვნენ ობიექტური შემფასებლები.

გოტმენმა წამოაყენაგადაჭარბებული პოზიტიური განწყობისთეორია (PSO - Positive Sentiment Override), რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც წყვილი ბედნიერია, ისინი როგორც წესი იგნორირებას უკეთებენ მცირედ სირთულეებს და ფოკუსირდებიან ურთიერთობის პოზიტიურ მხარეებსა და გამოცდილებაზე. კურდეკმაც (1994) მსგავსი საკითხი წამოჭრა: ერთის მხრივ, როდესაც გეი წყვილი არის უფრო ბედნიერი ურთიერთობით, ფოკუსირდებიან ურთიერთობის სარგებელზე და ნაკლები შანსია გაიჩინონ სხვა პარტნიორები. მეორეს მხრივ კი, როდესაც წყვილი ზოგადად არ არის ბედნიერი ურთიერთობით, ისინი ნაკლებად კმაყოფილები არიან და მაღალია ცდუნება იმისა, რომ გაიჩინონ სხვა პარტნიორები. ეს მაშინაც კი ხდება, როდესაც გამოკვეთილი არ არის სტრესის ნიშნები ურთიერთობაში. 

არსებობს სტერეოტიპი, რომ ჰეტეროსექსუალი წყვილებისგან განსხვავებით გეი ურთიერთობები არის უფრო არამონოგამიური და არ არის საჭირო გეი ქორწინება, რადგანაც იგი ხელს ვერ შეუწყობს ერთგულების ჩამოყალიბებას. თუმცა ამ სტერეოტიპის საპასუხოდ არსებობს ორი ძირითადი არგუმენტი:
  1. გოტმენი თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ ჰეტეროსექსუალ მამაკაცთა 20-25% აღიარებს, რომ მეუღლესთან ურთიერთობის გარდა ჰქონდა სხვა სასიყვარულო ურთიერთობებიც (თუმცა ჩვენ არ ვიცით რამდენი მამაკაცი მალავს ამას). ქალების შემთხვევაშიც მონაცემები თითქმის იგივეა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების და მამაკაცების 20-25% ღალატობს მეუღლეს. პიტმენი და ვაგერსი (1995) უფრო დიდ ციფრებს ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ქმრების 50% და ცოლების 30-40% ღალატობს პარტნიორს. პირველი განქორწინების შემდეგ კი ჰეტეროსექსუალთა 90% ამყარებს ურთიერთობას ერთ ან ორ ახალ პარტნიორთან. ამდენად, როდესაც საუბარია არამონოგამიურ ურთიერთობებზე, ექსკლუზიურად გეი წყვილებზე ფოკუსირება არასწორია.
  2. მეორე არგუმენტისთვის უნდა აღინიშნოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობით კმაყოფილებას. კურდეკმა (1994) აღმოაჩინა, რომ ურთიერთობით კმაყოფილება უფრო დაკავშირებულია სოციალურ მხარდაჭერასთან და მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის გამოხატვა საზოგადოებაში სხვადასხვა ქცევითეს საკითხი დგას როგორც გეიასევე ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვისაცთუმცა მონოგამია პირდაპირ არ არის დაკავშირებული ურთიერთობით კმაყოფილებასთან გეი წყვილებში. მაგრამ, მაშინაც კი, თუ მონოგამია არის მნიშვნელოვანი განსხვავება გეი და ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს შორის, ეს არ შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ გეი წყვილებს უფრო მეტი წონა მივანიჭოთ პოლიგამიურობაში. 

ამრიგად, გეი ურთიერთობის ფორმირება და განვითარება ძირითადად ხდება აგრესიულ და ჰომოფობიურ საზოგადოებაში. აქ მოცემულია მაკ’უირტერის და მეტისონის ჯანსაღი გეი ურთიერთობის განვითარების ეტაპების მოკლე მიმოხილვა. რათქმაუნდა, თითოეული ურთიერთობა უნიკალურია და აფსოლიტური სიზუსტით არ იმეორებს ამ საფეხურებს. ზოგიერთი წყვილი ვერ აღწევს ბოლო ეტაპებს და მათი ურთიერთობა მალე ინგრევა, ხოლო ზოგიერთი შეიძლება უფრო სწრაფად ან ნელა ახერხებდეს თითოეული საფეხურის გავლას ან გამოტოვოს რომელიმე მათგანი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელში მოცემული ინფორმაცია არის ზოგადი სახის კანონზომიერება.



პირველი ეტაპი: შერწყმა ( პირველი წელი) 
პირველი ეტაპი გულისხმობს ორი ადამიანის “გაერთიანებას” და ერთ ერთეულად ჩამოყალიბებას. თითოეული არის ბედნიერი და თავს აღარ გრძნობს მარტოსულად. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს კი ხარჯავს პარტნიორთან ერთად და განიცდის ძლიერ რომანტიულ და სასიყვარულო გრძნობებს. ამ ეტაპზე წყვილს შორის ხშირია სექსუალური აქტივობა.

რაც შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საქმეებს, ისინი აბალანსებენ პასუხისმგებლობას. ისახავენ საერთო მიზნებს და შეისწავლიან ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

ეს პერიოდი ძალიან რთული პროცესია წყვილისთვის. ორ კაცს შორის შეიძლება ორივეს თანაბრად ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ან ერთ-ერთი იყოს დომინანტური. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს სირთულეები გადაწყვეტილების მიღების დროს. საბოლოოდ კი იმარჯვებს ის, ვისაც აქვს მაღალი სოციალური სტატუსი, გამოიმუშავებს უფრო მეტ ფულს და აქვს სხვების მხარდაჭერის იმედი.


მეორე ეტაპი: დაბუდება (მეორე და მესამე წელი)
მეორე ეტაპი არის წყვილს შორის ვალდებულებების გაძლიერება. ამ დროს წყვილი ცდილობს შეთავსებას. ისინი იღებენ ერთმანეთის პიროვნულ განსხავავებებს, სტილს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოთხოვნილებებს და მიზნებს. ამ ეტაპზე ხდება მგზნებარე და რომანტიული გრძნობების დაკარგვა და ურთიერთობის გადაფასება(რასაც ხატოვნად „თაფლობის თვის დასასრულს“ უწოდებენ). წყვილი უფრო რეალისტურად ხედავს ურთიერთობას. ისინი განსაზღვრავენ, მათი კავშირი უბრალოდ პარტნიორულია თუ უფრო მეტი, რასაც „თვალების ფართოდ გახელის“ პროცესი ეწოდება. ეს მხოლოდ გეი წყვილისთვის არ არის დამახასიათებელი.

ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა: „ფართოდ გაახილეთ თვალები ქორწინებამდე და ნახევრად დახუჭეთ ქორწინების შემდეგ“. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ობიექტურად უნდა შეაფასოთ თქვენი პარტნიორი, სანამ გადაწყვეტთ დაქორწინებას, მაგრამ ქორწინების შემდეგ მკაცრად აღარ უნდა შეაფასოთ ის.


მესამე ეტაპი: შენარჩუნების პერიოდი (მეოთხე და მეხუთე წელი)
ამ ეტაპზე წყვილი აზუსტებს თითოეულის ინდივიდუალურობას. შესაძლოა ეს იყოს რთული პერიოდი, რადგანაც გაჩნდეს ახალი ინტერესები და მიზნები. შესაბამისად ხდება ურთიერთობის რეორგანიზება და ახალი წესების ჩამოყალიბება.


მეოთხე ეტაპი: შენება (ექვსიდან ათ წლამდე)
მეოთხე ეტაპი გამოირჩევა მესამე ეტაპზე წამოჭრილი საკითხების და პრობლემების მოგვარების პროცესით. ამ ეტაპზე წყვილი რწმუნდება, რომ მათი კავშირი არის „საიმედო“ და ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. ისინი ქმნიან დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის ახალ ბალანსს და შეუძლიათ ითანამშრომლონ ისეთი მიზნების ირგვლივ, როგორიცაა კარიერა, პროფესიის ცვლილება და სხვა. გოტმენმა თავის კვლევაში აღმოაჩინა რომ ჰეტეროსექსუალ წყვილებში ამ ეტაპზე უფრო ხშირად ხდება განქორწინება. თუ ისინი კონფლიქტებს დაწყებისთანავე არ გადაჭრიან, მიდრეკილნი არიან განქორწინებისკენ.


მეხუთე ეტაპი: გათავისუფლება (ათიდან ოც წლამდე)
ამ ეტაპზე წყვილი უკვე სრულიად ენდობა ერთმანეთს და აღარ სჭირდებათ ერთმანეთის შეცვლა. სავარაუდოა, რომ ურთიერთობა მჭიდრო მეგობრობად გადაიქცეს. ამ დროს წყვილი აღწევს ურთიერთობით დიდ კმაყოფილებას (კურდეკი, 1989). ფული და სხვა რესურსები იქცევა ორივესთვის საერთო და არ ხდება მათი ცალ-ცალკე გაზიარება.

ამ ეტაპზე არის დიდი რისკებიც. შესაძლოა თითოეულმა აღმოაჩინოს, რომ მათი ცხოვრება მოსაწყენია და ნაკლები დრო დაუთმონ ერთმანეთს. შესაძლოა თითოეულმა განიცადოს „შუა ხნის კრიზისი“ და გაიზარდოს მათ შორის დისტანცია და დაიკარგოს ინტიმურობა.


მეექვსე ეტაპი: განახლება
მეექვსე ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს „საპენსიო“ ურთიერთობის საფეხურად, როდესაც წყვილს აქვს ფინანსური უსაფრთხოება და მეტი დრო ერთმანეთისთვის და საკუთარი საქმეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ამ ეტაპზე უფრო მწვავედ დგას, მეტად მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ცხოვრების არსი და პროდუქტიულობა/სტაგნაციის შეგრძნება.


ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც ამ მოდელის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა, არის ის, რომ გეი წყვილებს მიეცათ შვილად აყვანის და მშობლობის უფლება. დღეს ზოგიერთ გეი წყვილს ჰყავს კიდეც ბავშვი (ბავშვები). ეს ახალი გამოცდილებაა, რაც ამ მოდელში არ ასახულა. იგი ასევე არ შეიცავს სამოქალაქო კავშირით აღებული ვალდებულებების განხილვას.

გრინი ამბობს, რომ გეი და ლესბოსელ წყვილებს სამი ძირითადი სირთულის გადალახვა უწევთ და ამ სირთულეების დაძლევაში მათ სამოქალაქო კავშირის უფლება დაეხმარება.

პირველი სირთულე: ჰომოფობია 
ჰომოფობია რომელიც ხელს უშლის გეი და ლესბოსელ წყვილებს დასაქმებაში და რელიგიური დისკრიმინაციის იარაღია.

მეორე სირთულე: გეი ურთიერთობის შაბლონის არარსებობა
გრინი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გარკვეული შაბლონის არსებობა, რომლის მიხედვითაც შეგიძლია ააწყო და წარმართო ურთიერთობა. ჰეტეროსექსუალებმა კარგად იციან ისეთ პროცესებს შორის განსხვავება, როგორიცაა: უბრალო შეხვედრები და ერთად ცხოვრება, ერთმანეთით უბრალო გატაცება და ქორწინება. თითოეული მათგანი აღინიშნება გარკვეული რიტუალებით. გეი და ლესბოსელ წვილებს კი ასეთი ნათელი გამიჯვნები არ აქვთ და იდევნებიან ეკლესიისგან. ისინი ვერ იღებენ იგივე დონის მხარდაჭერას სახელმწიფოსგან, როგორსაც ამას ჰეტეროსექსუალი წყვილები ახერხებენ.

მესამე სირთულე: ოჯახის მხარდაჭერა
გრინი აღნიშნავს, რომ ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს ოჯახის წევრების წინასწარგანწყობები ლგბტ ადამიანების მიმართ, რაც ხელს უშლის მათ მიიღონ გეი და ლესბოსელი შვილები და მათი პარტნიორები. თუმცა ზოგიერთმა ოჯახმა უბრალოდ არ იცის როგორ დაუჭიროს მხარი გეი და ლესბოსელ წყვილებს. ასეთ შემთხვევაში გეები და ლესბოსლები ტოვებენ ოჯახს და ქმნიან ახალ „არჩევით ოჯახებს“, რომელიც შედგება გეი და ლესბოსელი მეგობრებისგან.

წყარო: http://www.psychpage.com/gay/library/gay_lesbian_violence/stages_gay_relationships.html (ნათარგმნი და რედაქტირებულია ინგლისურიდან)

No comments:

Post a Comment