January 15, 2015

ფსიქოთერაპიის საკითხები გეი და ლესბოსელ წყვილებთან სამუშაოდ

გეი და ლესბოსელ წყვილებს ბევრი საერთო ნიშნები აქვთ ჰეტეროსექსუალ წყვილებთან. დღესდღეობით, მათი ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობა მსგავსია, მაგრამ ის სოციალური კონტექსტი, რომელშიდაც ისინი ცხოვრობენ მნიშვნელოვნად განსხვავდება, დიდწილად დომინანტური ჰეტერონორმატიული კულტურის გავლენის და ურთიერთობაში ტრადიციული გენდერული როლების მოლოდინის გამო.


ბევრი გეი და ლესბოსელი წყვილი განიცდის უკიდურეს სტრესს, რადგანაც მათ აკლიათ ყოველდღიური მხარდაჭერა. მაგალითად - ოჯახური, სამართლებრივი, რელიგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური. ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილებს აქვთ სოციალური შეზღუდვების გამოცდილება და განიცდიან ინტერნალიზებულ ჰომოფობიას („უმცირესობის სტრესს“).

გარკვეულწილად ყოველთვის არსებობს უმცირესობის სტრესის გავლენა და მტრულად განწყობილი სოციალური პირობები. ფაქტია, რომ ბევრი გეი და ლესბოსელი წყვილი უძლებს ამას და ინარჩუნებს სტაბილურ ურთიერთობას, რაც მათი სიმტკიცის ნიშანია.



გენდერული როლები

ტრადიციული ჰეტეროსექსუალური გენდერული როლები გულისხმობს იმას, რომ ქალი არის რელატიური და კაცი ინსტრუმენტული. ეს გენდერული როლები გარკვეულწილად შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილთა ურთიერთობების გასაგებად. რელატიურობა გულისხმობს ურთიერთობაში ვალდებულებას, რომ გამოასწოროს წარმოქმნილი პრობლემები და ტენდენციას, დააკმაყოფილოს პარტნიორის საჭიროებები. ინსტრუმენტულობა კი ნიშნავს ბრძოლისუნარიანობას, დამოუკიდებლობას და ურთიერთობის კონტექსტში ნაკლებ ემოციურობას. როდესაც წარმოიქმნება პრობლემები, ამ ინდივიდებს აქვთ პირობების გაუარესების ან ურთიერთობის გაწყვეტის ტენდენცია. გეი ურთიერთობისას, როდესაც ერთი იღებს სტერეოტიპულად მასკულინურ როლს, იწყება სირთულეები. ის იყენებს დისტანციის სტრატეგიას და იზრდება კონტროლისადმი კონკურენტუნარიანი გარემო.

ბიოლოგიურ სქესსა და მის  შესაბამის გენდერულ როლს შორის მსგავსების პირობა საშუალებას აძლევს წყვილს, ჰქონდეს ურთიერთობაში კარგი დასაწყისი და მჭიდროდ შერწყმის უნარი. მათ იციან პარტნიორის მოლოდინების შესახებ და შეუძლიათ ადეკვატურად უასუხონ ამას.



ურთიერთობის დინამიკა

მარტოობის წლების გამო ძლიერდება ემოციური შემაკავებელი და ინდივიდი ფიქრობს, რომ ვერასდროს იპოვნის იმას, ვინც ისეთს შეიყვარებს, როგორიც არის. ამის გამო პირველ ურთიერთობას ყოველთვის გადაჭარბებული მოლოდინები უკავშირდება, თუმცა იმედგაცრუება დიდია და შესაბამისად ვნება ბუნებრივად მცირდება.

ზოგადად, პირველი ჰომოსექსუალური მიზიდულობის ცნობიერებიდან რამოდენიმე წელი უნდა გავიდეს ინდივიდისთვის, რომ გაიაროს სხვადასხვა ფაზები და სრულიად მიაღწიოს ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირებას. სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი სირთულეები საერთოა თითქმის ყველა გეი/ლესბოსელი წყვილისთვის. სრულყოფილ ურთიერთობამდე მიღწევას (შერწყმას) კი სჭირდება ინდივიდთა პირადი იდენტობების ზრდის პროცესის დასრულება. ეს კი შედეგად გვაძლევს პარტნიორთა ინდივიდუალურ სექსუალურ ორიენტაციებს და ხდება ცვლილებები, რაც ხელს უწყობს ურთიერთობის განვითარებას.  ღალატის და ერთგულების საკითხები ხშირად ხდება განხილვის საგანი, მაგრამ წყვილის ურთიერთობა მაინც სტაბილურად ვითარდება. პრობლემები ხშირად იწვევს კონფლიქტებს, რაც დაკავშირებულია „ღიაობის“ დონესთან. თითოეულ პარტნიორს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ოჯახთან, მეგობრებთან, დამსაქმებელთან... ბევრ წყვილს შეუძლია დაძლიოს ეს კონფლიქტები, მაგრამ ყველა ამას ვერ ახერხებს.

როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებში, ასევე გეი და ლესბოსელ წყვილებშიც პარტნიორებს შორის ინდივიდუალური განსხვავებები მსგავსია. მაგალითად, ერთ სურს მეტი თავისუფლება და სეპარატიზმი, ხოლო მეორე უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა; ერთი იწყებს პიროვნულ განვითარებას და მეორე ამას აღიქვამს მიტოვებად; ერთს სურს მეტი თვითგამოხატვა (და რაღაცეების ნაკლებად შეთანხმება სხვასთან), ხოლო მეორე მომხრეა, რომ  შეინარჩუნოს ჰარმონიული ურთიერთობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები.

გეი წყვილი ძირითადად იყენებს სოციალური გაცვლის მეთოდს (მაგალითად აკეთებენ რაღაცეებს ერთმანეთისთვის) და არა ემოციურ და რელატიურ მეთოდებს იმისათვის რომ მიაღწიონ ურთიერთობით კმაყოფილებას.




როგორ უნდა დაეხმაროს ოჯახის ან წყვილის თერაპევტი?

პროფესიონალი ფსიქიკური ჯანდაცვის პროვაიდერი იქნება ექიმი, რომელიც სენსიტიურია და სრულად აცნობიერებს გეი და ლესბოსელი წყვილების წინაშე წამოჭრილ პრობლემებს. მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლება და უნარები, რათა გამოიყენოს თერაპიაში დამკვიდრებული თანამედროვე მეთოდები გეი და ლესბოსელ წყვილებთან სამუშაოდ. არ არსებობს თერაპიის უნიკალური მეთოდები ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილებთან სამუშაოდ და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება იგივე მეთოდები, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებთან. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ განვითარების და სოციო-კულტურული ცვლადების მოქმედების ეფექტი. გამოცდილი თერაპევტი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება ამ დეტერმინანტთა მიმართ.

თერაპევტმა უნდა შეაფასოს ის გარემო, სადაც ურთიერთობა ვითარდება. გარემოს შეფასება უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: თითოეული პარტნიორის განვითარების დონე; გარე დეტერმინანტები (როგორიცაა მაგალითად, ოჯახის, მეგობრების, თანამშომლების და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ან უარყოფა); ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა; ოჯახური ძალადობის შემთხვევები; აივ-შიდსთან დაკავშირებული საფრთხეები; ურთიერთობის განვითარების ეტაპი; სხვა ინტიმური საკითხები ურთიერთობაში. გეების და ლესბოსლების საკითხები გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, ცხოვრებისეულმა სტრესორებმა შეიძლება გეი წყვილში უფრო დიდი როლი ითამაშოს ვიდრე ლესბოსლებში ან პირიქით. ასე მაგალითად, ლესბოსლები უფრო ხშირად და მეტად განიცდიან შფოთვას, რაც უკავშირდება ოჯახში ქამინგ-აუთს, ვიდრე გეები და პირიქით, გეებში უფრო მაღალია სტრესი, რაც უკავშირდება აივ-შიდსს, ძალადობას და დევნას, ვიდრე ლესბოსელ წყვილებში.

თერაპევტმა უნდა გაითვალისწინოს „მრავალჯერადი სოციალური იდენობის“ ცნება. იგი გულისხმობს შემდეგს: წყვილიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს ორი ეთნიკური (რასობრივი) ჯგუფის მიქსი ან წყვილების ეთნიკური (რელიგიური, რასობრივი) იდენტობები განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან (მაგალითად ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ქართველი და მეორე თურქი).  მრავალფეროვნების სირთულე ხშირ შემთხვევაში მეტად პრობლემური საკითხი ხდება ურთიერთობაში. არსებობს გარე (სოციალური) ძალები, რომლებიც არ აღიარებენ წყვილის სოციალურ პრივილეგიებს, მაგრამ ასევე წყვილს შორისაც შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მრავალფეროვნება ძალიან ფართო მცნებაა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რელიგია, ეთნიკური კუთვნილება, კულტურა, მსოფლმხედველობა, ჯანმრთლობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი, განათლება, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა და სხვა.

წყვილის "ზედმეტი" მიჯაჭვულობა და სიახლოვე ერთმანეთის მიმართ თერაპევტს შესაძლოა არანორმალურად მოეჩვენოს. თუმცა პროფესიონალი ექიმი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს არის „ნორმა“ გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის. იგი საზოგადოებისაგან მომდინარე ჰომოფობიის ერთგვარი კომპენსაცია და პირდაპირი რეაქციაა. როდესაც ინდივიდი საზოგადოებისგან ვერ ღებულობს მხარდაჭერას, იწყებს „მისიანის“ ძებნას და შესაბამისად ამყარებს მასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს, რაც ერთი შეხედვით არანორმალურად შეიძლება ჩანდეს.

ხშირ შემთხვევაში ინდივიდის ცნობიერში რაღაც საკითხები არასწორად არის გაანალიზებული და შეთვისებული. თუმცა ამ შემთხვევაში ინდივიდის „დანაშაული“ მცირეა ან საერთოდ არ არსებობს. მთავარი გავლენა მოდის სოციუმის ცალკეული მიკრო, მაკრო და მეზო სისტემებიდან. გეი/ლესბოსელი ინდივიდი ისმენს ოჯახში არსებულ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, იდევნება ეკლესიიდან (მეჩეთიდან, სინაგოგიდან) ან განიცდის შევიწროებას სამუშაო ადგილზე. ამ დროს კი ის იჯერებს საკუთარ „ნაკლოვანებას“ და ითვისებს. ამ შემთხვევაში სიახლოვე და მიჯაჭვულობა წყვილში შესაძლოა გადარჩენის ერთადერთი მექანიზმი აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს პატარა ტიპის დასახლებებში და სოფლებში, სადაც ოჯახისგან და საზოგადოების სხვა მიკრო ჯგუფებისგან მხარდაჭერა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ თერაპევტმა მუშაობა ფართო ასპექტით უნდა წარმართოს და არ დაეყრდნოს სიახლოვის და მიჯაჭვულობის ტრადიციულ კონცეპტს.

უამრავი გამოწვევის მიუხედავად ერთი და  იგივე სქესის მქონე წყვილთა კავშირები შესაძლოა გადარჩეს და განვითარდეს, რაც აჩვენებს წყვილის სიმტკიცეს და გამძლეობას. ძლიერი ურთიერთდამოკიდებულება ლესბოსელ წყვილებს საშუალებას აძლევს შექმნან ერთგვარი გარე ბუფერი, რაც მათ ეხმარება გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ანალოგიურად, გეი წყვილებშიც ეს მექანიზმი კარგად მუშაობს და აძლიერებს ერთგულებას ერთმანეთის მიმართ და ზრდის სიახლოვესა და ინტიმურობას.


No comments:

Post a Comment