May 8, 2013

სტუდენტებში ლგბტ თემი ყველაზე მეტად სენსიტიური უმცირესობათა ჯგუფია


გთავაზობთ კვლევის ანგარიშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოამზადეს.

უმცირესობათა ჯგუფების მიმართ სენსიტიურობის კვლევა სტუდენტებში


შესავალი
უმცირესობათა ჯგუფები ერთ–ერთი ყველაზე მეტად სენსიტიური საკითხია თანამედროვე მსოფლიო მოსახლეობისთვის. საქართველოში კი ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ 
 მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა უმცირესობათა სოციალურ ჯგუფებს. უმცირესობათა ჯგუფების კვლევა კი აუცილებელია, რათა მოხდეს მათი პრობლემების იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით მუშაობა.  უმცირესობათა ჯგუფების შესწავლა და მათი პრობლემების შემცირება დემოკრატიის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა. 
რაც შეეხება სტუდენტთა დამოკიდებულებების და სტუდენტთა აზრის შესწავლას უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი საკითხია, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეინიშნება სტუდენტების აქტიური ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.  დღევანდელ სიტუაციაში სტუდენტები უფრო იმანენტურ
დამოკიდებულებაში არიან პოლიტიკის მიმართ, თუმცა ირიბად მაინც აძლევენ მას მიმართულებას. ამიტომაც არის აუცილებელი სტუდენტების აზრის შესწავლა, რათა მოხდეს მათი აქტიური ჩართვა უმცირესობათა პრობლემების მოგვარებაში.

კვლევის მიზანი,ჰიპოთეზა, მასშტაბი და ძირითადი საკვლევი საკითხები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ სენსიტიურობის კვლევის ანგარიშს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში. პროექტი განხორციელდა 2013 წლის აპრილში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო გამოევლინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში რომელია საზოგადოების უმცირესობათა ჯგუფებიდან ყველაზე მეტად სენსიტიური ჯგუფები და რომელ ჯგუფს მიიჩევენ ისინი ყველაზე მეტად დისკრიმინირებულად.
ანგარიში ეყრდნობა ამ ორი უნივერსიტეტის სტუდენტების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას.
სენსიტიურობაში მოიაზრება შემდეგი ფაქტორები:
1. უმცირესობათა ჯგუფის ცნობადობა სტუდენტებისათვის;
2. თითოეული უმცირესობათა ჯგუფისათვის ინკლუზია–დისკრიმინაციის ხარისხის განსაზღვრა.
კვლევის საწყის ეტაპზე გამოიკვეთა სამი ძირითადი საკვლევი ასპექტი, რომელთა მიხედვითაც მოხდა კვლევის ჩატარება. ესენია: ინფორმირებულობა, ტერმინების გამოყენება და მოსაზრებები.
კერძოდ, შევეცადეთ შეგვესწავლა მიზნობრივი ჯგუფის შემდეგი მხასიათებლები:
1. ინფორმირებულობა – რომელია სტუდენტებისათვის ყველაზე მეტად ცნობადი უმცირესობათა ჯგუფები და რომლებს გამოჰყოფენ ისინი;
2. ტერმინების გამოყენება – რა ტერმინებით მოიხსენიებენ სტუდენტები კონკრეტულ უმცირესობათა ჯგუფებს;
3. მოსაზრებები – სტუდენტთა აზრით დასახელებული თითოეული უმცირესობათა ჯგუფის დისკრიმინირება–ინკლუზიის ხარისხი.
კვლევის საწყის ეტაპზე გვქონდა შემდეგნაირად ფორმულირებული ჰიპოთეზა:
"თსუ_სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში ყველაზე მეტად სენსიტიური უმცირესობის ჯგუფი არის ლგბტ თემი და ისინი სწორედ ამ ჯგუფს მიიჩნევენ ყველაზე მეტად დისკრიმინირებულად".
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ლგბტ თემის წარმომადგენლები, ამიტომ ეს ჯგუფი ჩვენი აზრით ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იქნებოდა და კვლევის ჰიპოთეზა დადასტურდებოდა.

კვლევის განხორციელება
კვლევის სტრატეგია და მეთოდოლოგია
კვლევა განხორციელდა ერთ ეტაპად და მოიცავს რაოდენობრივ კომპონენტებს. სწორედ რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება დაგვეხმარა ზოგადი დამოკიდებულებების დადგენაში.
რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა 150 სტრუქტურირებული მოკლე ინტერვიუ. გამოვიყენეთ გამოკითხვის მეთოდი. გამოიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 სტუდენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 სტუდენტი. კვლევაში მონაწილე სუბიექტები შეირჩა მოსახერხებელი მეთოდით. დავიცავით გენდერული ბალანსი. დაცული იქნა მონაწილეთა ანონიმურობა ყოველგვარი ეთიკის ნორმების გათვალისწინებით. თითოეული გამოკითხვის ხანგრძლივობა 2–3 წუთამდე გრძელდებოდა.

ტექნიკა და ინსტრუმენტი
მთლიანი მიზნობრივი ჯგუფისთვის გვქონდა ერთი სტრუქტურირებული კითხვარი (იხილეთ დანართში).
ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დავიწყეთ მიღებული ინფორმაციის დამუშავება. კერძოდ:
ინფორმციის ანალიზი – მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფა, დიაგრამების შედგენა, რის შედეგადაც მივიღეთ პრობლემატური ფაქტორები.
ანგარიშის მომზადება – დამუშავებული ინფორმციის საფუძველზე მომზდდა წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია კვლევის საბოლოო შედეგები.

კვლევის შედეგები
ანგარიშის ეს ნაწილი მიმოიხილავს კვლევის შედეგებს. მოცემული მიზნობრივი ჯგუფიდან ძირითადი ინდიკტორების მიხედვით შეგროვებული ინფორმცია წარმოდგენილია ძირითადი შინაარსობრივი ბლოკების სახით.

ინფორმირებულობა – რომელია სტუდენტებისათვის ყველაზე მეტად ცნობადი უმცირესობათა ჯგუფები
მონაწილეებმა დაასახელეს უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფები. აღსაღნიშნავია ისიც, რომ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი უმცირესობათა ჯგუფებიდან გამოყოფდა მიკრო ჯგუფებსაც. მაგალითად ეთნიკური უმცირესობების ჯგუფიდან სტუდენტები გამოჰყოფდნენ სომხებს, აზერბაიჯანელებს და ა.შ. ჩვენ მიკრო ჯგუფები უფრო დიდ ჯგუფებში გავაერთიანეთ. სულ ყველა მონაწილის მიერ დასახელებული ვარიანტების ჯამი შეადგენდა 427_ს. პასუხების დასახელებული ვარიანტები გაერთიანდა  12 უმცირესობათა ჯგუფში. მხოლოდ ორმა სტუდენტმა არ დაასახელა არც ერთი ჯგუფი. დასახელებული ჯგუფები კი შემდეგია:
1. ეთნიკური უმცირესობები
2. ლგბტ ადამიანები
3. რელიგიური უმცირესობები
4. პოლიტიკური უმცირესობების ჯგუფები
5. უსახლკარო ბავშვები
6. სოციალურად დაუცველი ადამიანები
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
8. რასობრივი უმცირესობები
9. აივ ინფიცირებული ადამიანები
10. მარტოხელა დედები
11. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები
12. სხვა ჯგუფები
ამ უმცირესობათა ჯგუფებს სტუდენტები პროცენტულად შემდეგნაირად ასახელებენ (იხ. დიაგრამა #1):
როგორც დიაგრამა გვიჩვენებს, სტუდენტებისათვის ყველაზე მეტად სენსიტიური არის ლგბტ ჯგუფი. ამით კი ჩვენი ჰიპოთეზა გამართლდა. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ის პრობლემებიც, რაც ამ მონაცემებს აქვს. მაგალითად, ერთი სტუდენტი ასახელებდა შემდეგ ჯგუფებს – სომხები, თურქები. ჩვენ ორივე მათგანი მივაკუთვნეთ უფრო დიდ ჯგუფს – ეთნიკურ უმცირესობებს და მასში გავაერთიანეთ. რაოდენობრივად კი ამ ერთი სტუდენტიდან მიღებული პასუხები ორად ჩავთვალეთ. მაგრამ ასეთი პრობლემატური ჯგუფები არის მხოლოდ სამი: ლგბტ ჯგუფი, რელიგიური უმცირესობები და ეთნიკური უმცირესობები. ლგბტ ჯგუფში ცდომილების ეს მაჩვენებელი 3,28%_ია, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფში 0,24%, ხოლო ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფში 2,81%.


ტერმინების გამოყენება – რა ტერმინებით მოიხსენიებენ სტუდენტები კონკრეტულ უმცირესობათა ჯგუფებს
სტუდენტები უმცირესობათა ჯგუფებს სხვადასხვა ტერმინებით მოიხსენიებდნენ. ხშირად ჯგუფიდან მიკროჯგუფებსაც კი გამოჰყოფდნენ. დასახელდა შემდეგი ტერმინები:
ეთნიკური ემცირესობები  – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: ეროვნული უმცირესობები და ეთნიკური უმცირესობები. ჯგუფის შიგნით გამოჰყოფდნენ შემდეგ მიკროჯგუფებს: სომხები, ქურთები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, თურქები, რუსები, ჩინელები და რომა (ბოშათა) ჯგუფი.
ლგბტ ადამიანები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: სექსუალური უმცირესობები, ლგბტ, არატრადიციული ორიენტაციის ხალხი და განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირები. ჯგუფის შიგნით გამოჰყოფდნენ შემდეგ მიკროჯგუფებს: ჰომოსექსუალები, ტრანსსექსუალები, გეები, ლესბოსლები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები.
რელიგიური უმცირესობები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები და რელიგიური უმცირესობები. ჯგუფის შიგნით გამოჰყოფდნენ შემდეგ მიკროჯგუფებს: იეღოველები, მუსლიმანები და ათეისტები.
პოლიტიკური უმცირესობების ჯგუფები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინით მოიხსენიებენ:  პოლიტიკური უმცირესობა.
უსახლკარო ბავშვები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: მაწანწალა ბავშვები და უსახლკარო ბავშვები.
სოციალურად დაუცველი ადამიანები –სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინით მოიხსენიებენ: სოციალურად დაუცველები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: უნარშეზღუდულები და შშმ პირები
რასობრივი უმცირესობები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: შავკანიანები, ფერადკანიანების ჯგუფი და რასობრივი უმცირესობები.
აივ ინფიცირებული ადამიანები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: აივ ინფიცირებულები, აივ შიდსით ინფიცირებულები და აივ ვირუსით დაინფიცირებულები.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები – სტუდენტები ამ ჯგუფს შემდეგი ტერმინებით მოიხსენიებდნენ: სულიერად დაავადებულები და მენტალურად დაავადებულნი.
სხვა ჯგუფები – სტუდენტები გამოჰყოფდნენ შემდეგ მიკროჯგუფებს: გოთები, ჰიპები, პანკები, ემოები,იდეოლოგიურები და პაციფისტები.

მოსაზრებები – სტუდენტთა აზრით დასახელებული უმცირესობათა ჯგუფების დისკრიმინირება–ინკლუზიის ხარისხი

ამ ქვეთავში მოყვანილია სტუდენტთა აზრით დასახელებული უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზია–დისკრიმინაციის ხარისხები. თითოეული ჯგუფისთვის მონაცემები ცალკეა წარმოდგენილი.
როგორც დიაგრამა #2 გვიჩვენებს, სტუდენტთა უმეტესი ნაწილი (40%) ეთნიკურ უმცირესობებს მეტ–ნაკლებად ინტეგრირებულად მიიჩნევს. თუმცა, სტუდენტთა 9% მათ დისკრიმინირებულად განსაზღვრავს. მაგრამ, სტანდარტი აქ "მეტ–ნაკლებად ინტეგრირებაა".


დიაგრამა #3 გვიჩვენებს, რომ გამოკითხულ სტუდენტთა ნახევარი (50%) ლგბტ თემს საზოგადოებაში დისკრიმინირებულად აღიქვამს. ასევე სტუდენტთა 27%_ის აზრით ეს ჯგუფი უფრო დისკრიმინირებულია, ვიდრე პირიქით. იკვეთება აშკარა ტენდენცია: უმრავლესობა (77%) ამ ჯგუფს დისკრიმინირებულად ან უფრო დისკრიმინირებულად მიიჩნევს, რაც ამყარებს ჩვენი კვლევის ჰიპოთეზას.

დიაგრამა #4_დან ჩანს, რომ სტანდარტი "მეტ–ნაკლებად ინტეგრირებაა". ანუ სტუდენტთა უმრავლესობა (42%) რელიგიურ უმცირესობებს ამ კატეგორიაში ათავსებს. აღსაღნიშნავია ასევე ისიც, რომ სტუდენტთა 23% ამ ჯგუფს უფრო ინტეგრირებულად აღიქვამს, ვიდრე პირიქით და 19% სრულად ინტეგრირებულად მიიჩნევს. საბოლოო შეფასებით კი იკვეთება, რომ სტუდენტების უმეტესობა ამ ჯგუფს საერთოდ არ აღიქვამს დისკრიმინირებულად.

პოლიტიკური უმცირესობების ჯგუფებთან მიმართებაში გამოკითხულ სტუდენტთა უმეტესობა (40%) ამ ჯგუფს უფრო ინტეგრირებულად აღიქვამს, ვიდრე პირიქით. გამოკითხული სტუდენტებიდან არც ერთი არ მიიჩნევს ამ ჯგუფს დისკრიმინირებულად, ხოლო დანარჩენ პასუხების ვარიანტებზე სტუდენტების თანაბარი რაოდენობა სცემს პასუხს. რაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სტუდენტების უმეტესობა პოლიტიკურ უმცირესობათა ჯგუფს დისკრიმინირებულად აღიქვამს (იხ. დიაგრამა #5).


დიაგრამა #6 გვიჩვენებს, რომ გამოკითხული სტუდენტების უმრავესობა (67%) უსახლკარო ბავშვებს უფრო დისკრიმინირებულად აღიქვამს, ვიდრე პირიქით და სტუდენტთა 33% მეტ–ნაკლებად ინტეგრირებულად. საერთოდ არ გვხდება პასუხების სხვა მოცემული ვარიანტები, თუმცა ეს გამოწვეულია იმით, რომ მხოლოდ სამმა სტუდენტმა დაასახელა უმცირესობათა ჯგუფად უსახლკარო ბავშვები და შესაბამისად მხოლოდ ამ სამმა განსაზღვრა აღნიშნული ჯგუფის ინტეგრირება–დისკრიმინაციის ხარისხი. ეს მონაცემები კი სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

როგორც დიაგრამა #7_დან ჩანს, გამოკითხული სტუდენტების თანაბრი რაოდენობა (43%) ასახელებს პასუხების ორ ვარიანტს: "უფრო დისკრიმინირებულია, ვიდრე პირიქით" და "უფრო ინტეგრირებულია, ვიდრე პირიქით". სტუდენტთა მხოლოდ 14% ასახელებს პასუხს –  "მეტ–ნაკლებად ინტეგრირებულია". საერთოდ არ გვხვდება პასუხების ორი ვარიანტი: "დისკრიმინირებულია" და "სრულადაა ინტეგრირებული". ეს კი გამოწვეულია იმით, რომ მხოლოდ 7 სტუდენტი განსაზღვრავს უმცირესობათა ჯგუფად "სოციალურად დაუცველ ადამიანებს" და ამ ჯგუფის ინტეგრირება–დისკრიმინაციის ხარისხსაც მხოლოდ ეს 7 სტუდენტი განსაზღვრავს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში გამოკითხულ სტუდენტთა ნახევარი (50%) ასახელებს პასუხს – "უფრო დისკრიმინირებულია, ვიდრე პირიქით". ხოლო სტუდენტთა 22% ამ ჯგუფს უფრო ინტეგრირებულად აღიქვამს, ვიდრე პირიქით. არ გვხვდება პასუხის ერთი ვარიანტი – "დისკრიმინირებულია". დასკვნა კი მდგომარეობს შემდგომში:
გამოკითხულ სტუდენტთა უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფრო დისკრიმინირებულად აღიქვამს საზოგადოებაში (იხ. დიაგრამა #8).
დიაგრამა #9 გვიჩვენებს, რომ გამოკითხული სტუდენტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რასობრივი უმცირესობები საზოგადოებაში მეტ–ნაკლებადაა ინტეგრირებული. 26% კი მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი უფრო დისკრიმინირებულია, ვიდრე პირიქით. დასკვნების გაკეთება ძნელია, თუმცა ამ შემთხვევაში ტენდენცია "მეტ–ნაკლებად ინტეგრირებული" პასუხია.
როგორც დიაგრამა #10 გვიჩვენებს, გამოკითხული სტუდენტების უმეტესობა (67%) მიიჩნევს, რომ აივ ინფიცირებული ადამიანების ჯგუფი საზოგადოებაში უფრო დისკრიმინირებულია, ვიდრე პირიქით და 33% მიიჩნევს, რომ მეტ–ნაკლებად ინტეგრირებულია. თუმცა ამ ჯგუფს უმცირესობად მხოლოდ 3 სტუდენტი ასახელებს და შესაბამისად მხოლოდ ეს სამი სტუდენტი განსაზღვრავს ამ ჯგუფის ინკლუზია–დისკრიმინირების ხარისხს, რაც სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალბას არ გვაძლევს.
დიაგრამა #11_დან ჩანს, რომ გამოკითხული სტუდენტების ნახევარი მარტოხელა დედების ჯგუფს დისკრიმინირებულად მიიჩნევს,ხოლო ნახევარი მეტ–ნაკლებად ინტეგრირებულად. თუმცა ამ ჯგუფს მხოლოდ 2 სტუდენტი გამოყოფს და შესაბამისად სერიოზულ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ.
როგორც დიაგრამა #12_დან ჩანს, სტუდენტთა აფსოლუტური უმრავლესობა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ჯგუფს საზოგადოებაში დსკრიმინირებულად აღიქვამს და საერთოდ არ გვხვდება პასუხების სხვა ვარიაციები. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ჯგუფი უმცირესობად მხოლოდ ორმა სტუდენტმა დაასახელა და პასუხების ვარიანტებიც მხოლოდ ამ ორმა სტუდენტმა აარჩია ამ ჯგუფისთვის, რაც ასევე არ გვაძლევს სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას.

დიაგრამა #13_დან ჩანს, რომ სხვა ჯგუფებს გამოკითხული სტუდენტების ნახევარი (50%) დისკრიმინირებულად მიიჩნევს, ხოლო 25% უფრო დისკრიმინირებულად, ვიდრე პირიქით. თუმცა ამ ჯგუფში ბევრი მიკროჯგუფი ერთიანდება, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა ნიშნით განსხვავდებიან და შესაბამისად დასკვების გაკეთება ძნელია.

დასკვნა
როგორც შედეგების ანალიზი აჩვენებს, კვლევის ჰიპოთეზა გამართლდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ_ს სტუდენტთა უმრავლესობისათვის (34,42%) სენსიტიური ლგბტ ადამიანთა ჯგუფია. ყველაზე უფრო მეტად დისკრიმინირებულად კი სწორედ ლგბტ თემი სახელდება. 












No comments:

Post a Comment