January 29, 2015

ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა ჯანმრთელობის საკითხები

ყველა ქალის წინაშე არსებობს გარკვეული რისკი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ქალებს ვისაც სექსი აქვთ ქალებთან, სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში მაღალი რისკის მქონე ჯგუფს მიეკუთვნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ინდივიდუალურ რისკებს განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორი (მაგალითად, სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური პრაქტიკა, ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია, ასაკი და სხვ.), აუცილებელია იცოდეთ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთათვის საერთო საკითხები რისკებთან მიმართებაში, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა.


მენტალური ჯანმრთელობა

ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან დეპრესიასთან და შფოთვასთან მიმართებაში. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ლგბტ ადამიანები არიან მიდრეკილნი დეპრესიასა და სუიციდის მცდელობისადმი. ამ პრობლემის ხელშემწყობი ფაქტორებია: სოციალური გაუცხოება, დისკრიმინაცია, ოჯახისა და ახლობლების მხრიდან უარყოფა, ძალადობა და სხვა. დეპრესიისადმი რისკი იზრდება იმ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გაკეთებული ქამინგ-აუთი და აკლიათ სოციალური მხარდაჭერა.

დეპრესიის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა: სარისკო სექსუალური ქცევა, ემოციის დაღმავალი სპირალი, იურიდიული და ფინანსური სირთულეები, ქცევითი პრობლემები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა გართულებები.

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ დეპრესია, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ სოციალურ მუშაკს (სპეციალისტს). თუკი გჭირდებათ მკურნალობა, მოძებნეთ სანდო მეგობარი და გაუზიაეთ თქვენი გრძნობები. ეს შეიძლება იყოს თერაპიის პირველი ნაბიჯი.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

გარკვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორიცაა მაგალითად ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), ტრიქომონიაზი და ვაგინალური დისბაქტერიოზი, უფრო მეტად არის გავრცელებული ქალებში. ორალური სქესობრივი კონტაქტი, ვაგინალური და ანალური სქესობრივი კონტაქტი თითების და სექს სათამაშოების გამოყენებით პენეტრაციის (შეღწევის) დროს ზრდის ინფექციების გავრცელების რისკს.

ქალთა სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა ასევე აივის ვირუსი, რომელიც იწვევს შიდსს. სამწუხაროდ, არ არსებობს წამალი აივ/შიდსის და ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ. საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა არის უსაფრთხო სექსის პრაქტიკის დანერგვა თქვენს ცხოვრებაში.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქენი ჯანმრთელობის დასაცავად:

  • ჩაიტარეთ ტესტი თქვენ და თქვენმა პარტნიორმა. თუ არცერთი არ ხართ ინფიცირებული, არ გაქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი და არ გაქვთ სექსი სხვა პარტნიორებთან, მაშინ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად.
          ტესტირება მნიშვნელოვანია, რადგანაც მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დარწმუნებით ისაუბროთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  • დანერგეთ უსაფრთხო სექსის პრაქტიკა. არ გაიზიაროთ სექს სათამაშოები. გამოყენებამდე და მის შემდეგ გაწმინდეთ ისინი. ხოლო გამოყენების დროს დაიცავით პრეზერვატივით. თითებით პენეტრაციის შემთხვევაში ვაგინალური და ანალური სექსის დროს გამოიყენეთ ლატექსის ხელთათმანი.
  • იყავი მონოგამი. ერთ-ერთი საიმედო გზა, რომ თავიდან აიცილო დაავადებები არის ის, რომ დარჩე გრძელვადიან ორმხრივ მონოგამიურ ურთიერთობაში პარტნიორთან, რომელიც არ არის ინფიცირებული.
  • მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და არ გამოიყენოთ ნარკოტიკული საშუალებები. თუ თქვენ იმყოფებით ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მიმართოთ სარისკო ქცევებს სქესობრივი კავშირის დროს. თუ იყენებთ საინექციო ნარკოტიკულ ნივთიერებებს, არ გაიზიაროთ სხვის მიერ გამოყენებული შპრიცი.
  • გაიკეთეთ ვაქცინაცია. ვაქცინაციას შეუძლია დაგიცვათ სქესობრივი გზით გადამდები ღვიძლის მძიმე ინფექციური დაავადებებისგან, როგორიცაა A და B ჰეპატიტი. HPV ვაქცინა ხელმისაწვდომია 26 წლამდე ქალებისთვის.

სხვადასხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენება

ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს ძირითადად იყენებენ მაშინ, როდესაც სჭირდებათ:

  • სტრესის მოხსნა
  • ძალადობის შეურაცხყოფის და ტერორის შედეგად გამოწვეული ტრავმისგან გაქცევა
  • სექსიზმის და დისკრიმინაციის გავლენისაგან გაქცევა
  • ბარებსა და კლუბებში სოციალიზაცია
თუ თქვენ ბოროტად იყენებთ სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, გახსოვდეთ რომ გჭირდებათ დახმარება. ლგბტ ორგანიზაციებს აქვთ შესაბამისი სერვისები თქვენთვის, და დაუყოვნებლივ მიმართეთ მათ.

ოჯახური ძალადობა

ოჯახურ ძალადობას შეუძია გავლენა მოახდინოს ინტიმურ ურთიერთობებზე. ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებზე ოჯახურ ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმა:
  • იძულებითი ქამინგ-აუთის მუქარა
  • იძულება, რომ შეწყვიტო სხვა ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებთან კონტაქტი
  • იძულება, რომ შეწყვიტო ურთიერთობა შეყვარებულ ქალთან და სხვა.
ამ ტიპის ძალადობა იწვევს დეპრესიას, შფოთის მატებას და უიმედობის განცდას. ძალადობისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის სწრაფი ზომების მიღება.

თუ შენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხარ, მოუყევი ამის შესახებ მეგობარს, შეყვარებულს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან სხვა ახლობელ ადამიანს. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართე პოლიციას და ლგბტ ორგანიზაციებს.


რეკომენდაციები

ძალიან ბევრი ლესბოსელი და ბისექსუალი ქალი ვერ პოულობს ისეთ ექიმს, რომელიც სპეციფიკურად ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში არის განათლებული და ვისთანაც ისინი შეძლებდნენ კომფორტულად და თავისუფლად ესაუბრათ თავიანთ საჭიროებებზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ დახმარების თხოვნით მიმართოთ იმ სოციალურ მუშაკებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ლგბტ ადამიანებისთვის მუშაობენ.


სოციალურ მუშაკთან ერთად მოიძიეთ ისეთი ექიმი, რომელიც ემპათიით არის განწყობილი და სენსიტიურია თქვენი საჭიროებების მიმართ. გააკეთეთ ქამინგ-აუთი სერვისის მომწოდებელ პროვაიდერთან (სოციალური მუშაკი, ექიმი...) და მიიღეთ შესაბამისი კონსულტაცია. ჩაიტარეთ საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები.

თუ თქვენ არ ხართ გრძელვადიან, ორმხრივ მონოგამიურ ურთიერთობაში, სისტემატიურად გაიკეთეთ ანალიზები სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, აივ/შიდსზე და ჰეპატიტებზე. გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები და გახსოვდეთ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელს უწყობს თქვენს ჯანმრთელობას.


წყარო: http://www.mayoclinic.org/healthy-living/womens-health/in-depth/health-issues-for-lesbians/art-20047202?pg=1

No comments:

Post a Comment